აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს შეხვდა. კელი დეგნანმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სხვა საკითხებთან ერთად, ახალი სახელმწიფო ინსპექტორის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელების დანიშვნის პროცესზე ისაუბრეს.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა სპიკერ შალვა პაპუაშვილთან. ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა თემა, მათ შორის მისი ბოლო ვიზიტი NATO-ში და მისი შეხვედრები საქართველო-NATO-ს კომისიასთან. ასევე ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, ახალი სახელმწიფო ინსპექტორის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელების დანიშვნის პროცესზე. მოვუწოდეთ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ პროცესი არ დაჩქარდეს და კანონოთ გათვალისწინებულ დროში ამ მართლაც მნიშვნელოვან პოზიციებზე საუკეთესო კანდიდატები შეირჩეს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პასუხისმგებელია მოქალაქეთა უფლებების დაცვაზე. ისინი უნდა იყვნენ დამოუკიდებლები. ისინი უნდა იყვნენ ამ უწყებების ძალიან კვალიფიციური ხელმძღვანელები. ვიმედოვნებთ, რომ ეს არ იქნება ნაჩქარევი პროცესი“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.
ელჩი იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი საქმე ამჟამინდელ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებით, დასრულდება ვიდრე, ახალი დანიშვნები მოხდება.
„ამჟამინდელ სახელმწიფო ინსპექტორს ჯერ კიდევ სამი წელი დარჩა კანონიერი ექვსწლიანი მანდატის დასრულებამდე. მის მუშაობასთან დაკავშირებით პარლამენტში ან სხვაგან პრეტენზიები და საჩივრები არ ყოფილა. ასე რომ, კიდევ ერთხელ, ძალიან მნიშვნელოვანია, საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდეს შესაძლებლობა, დაასრულოს საქმე, ვიდრე ახალი კანდიდატები შეირჩევიან ამ ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობებზე“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი შეაჯამეს, რომელიც ბრიუსელში იანვარში შედგა და განიხილეს მის ფარგლებში გამართული შეხვედრები, ასევე, NATO-საქართველოს კომისიის სხდომა. შეხვედრაზე აგრეთვე იმსჯელეს საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, პოლიტიკურ პროცესებსა და სამომავლო გეგმებზე.
ინფორმაციისთვის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ასარჩევად შექმნილმა საკონკურსო კომისიებმა თითოეულ თანამდებობაზე 3-3 კანდიდატი შეარჩიეს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარედგინება. მათ შორის არის კოკა კაციტაძე, გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი კოკა კაციტაძე.