აშშ-ის ელჩი: ჩვენი ინტერესია, სააკაშვილი სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობდეს

აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტთან დაკავშირებით, ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა.

ელჩის განცხადებით, მნიშვნელოვანია, სააკაშვილს ღირსეულად მოექცნენ და მიიღოს საჭირო სამედიცინო დახმარება.

„როგორც ვიცი, ბატონმა სააკაშვილმა სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გააგზავნა. რაც შეეხება კანონის უზენაესობას და მისი დაცვის საკითხს, ჩვენი ინტერესია, რომ ბატონი სააკაშვილის უფლებები დაცული იყოს, მას ღირსეულად მოეპყრონ, მიიღოს საჭირო სამედიცინო დახმარება, სარგებლობდეს სამართლიანი სასამართლოთი. ჩვენ ხელისუფლებას კვლავ მოვუწოდებთ, პატივი სცენ მის უფლებებს“, - განაცხდა ამერიკის ელჩმა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ.

რაც შეეხება შეკითხვას, უნდა შეიქმნას თუ არა საგამოძიებო კომისია სააკაშვილის საქმეზე, კელი დეგნანის თქმით, ეს მთლიანად პარლამენტის უფლებამოსილება და მოვალეობაა.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა დადგენილების პროექტი, რომელიც სააკაშვილის მიმართ შესაძლო ძალადობრივი, შეურაცხმყოფელი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას" გულისხმობს.

პროცედურის თანახმად, დადგენილების პროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომას კენჭისყრისთვის საკომიტეტო განხილვების გარეშე წარედგინება. რეგლამენტის მიხედვით, გადაწყვეტილება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედის (50 ხმა) მხარდაჭერით.