Meta-მ კიდევ ერთხელ გააფრთხილა ევროპა, რომ იძულებული იქნება, Facebook-ისა და Instagram-ის მუშაობა შეაჩეროს, თუ ის ვერ შეძლებს მომხმარებლის მონაცემების დაბრუნებას შეერთებულ შტატებში განთავსებულ სერვერებზე. საგულისხმოა, რომ მომხმარებლის კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ ევროპული კანონმდებლობის თანახმად, მომხმარებლების მონაცემი ევროკავშირის იურისდიქციაში უნდა ინახებოდეს.
კომპანიის განმარტებით, მონაცემთა გადაცემის შეჩერება დამანგრეველ გავლენას მოახდენს მის მიზანმიმართულ ონლაინ რეკლამის შესაძლებლობებზე. „ჩვენ არ გვაქვს არანაირი სურვილი და გეგმები ევროპიდან გასვლის, მაგრამ მარტივი რეალობა ის არის, რომ Meta და მრავალი სხვა ბიზნესი, ორგანიზაცია და სერვისი ეყრდნობა მონაცემთა გადაცემას ევროკავშირსა და აშშ-ის შორის, რათა აწარმოოს გლობალური სერვისები“, - ნათქვამია კომპანიის სპიკერის განცხადებაში.ანალოგიური საფრთხის შესახებ Facebook-ი 2020 წლის სექტემბერშიც იუწყებოდა.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას, Meta-ს აქციები 25%-ით დაეცა, ისტორიაში პირველად კი, ტექნოლოგიური გიგანტის ყოველდღიური აქტიური მომხმარებლების რიცხვი შემცირდა.