საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოც ისაუბრა, როდესაც შესავალ სიტყვაში უსაფრთოების საკითხზე აკეთებდა განცხადებას.
„უსაფრთხოება იმ ქვეყნების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პატივისცემით უნდა შეიქმნას, რომლებიც არ არიან ევროკავშირის ან NATO-ს წევრები. მე ვფიქრობ უკრაინაზე, მე ვფიქრობ საქართველოზე, მე ვფიქრობ მოლდოვაზე - ამ სახელმწიფოების სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა დაცული უნდა იყოს, რადგან ისინი ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებაში მონაწილეობენ, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ემანუელ მაკრონის თქმით, რუსეთი და ევროკავშირი სიტუაციის სტაბილიზაციისა და დეესკალაციის კონკრეტულ ზომებზე უნდა შეთანხმდნენ.
„ესკალაცია არავის ინტერესში არ შედის. არც რუსეთს და არც ევროპელებს სურთ ქაოსი და არასტაბილურობა, ამიტომაც უნდა შევთანხმდეთ კონკრეტულ ზომებზე, რათა სიტუაციის სტაბილიზება და დეესკალაცია მოხდეს“, - დაამატა ემანუელ მაკრონმა. მისივე თქმით, ამისთვის საჭიროა ძალიან სწრაფად მუშაობა.
მომდევნო დღეებს მან გადამწყვეტი უწოდა და ინტენსიური დისკუსიების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
ემანუელ მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ „უსაფრთხოების კონკრეტული გარანტიების“ წინადადებები შესთავაზა რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს ორშაბათს მოსკოვში უკრაინის კრიზისზე გამართული მოლაპარაკებების დროს.
„პრეზიდენტმა პუტინმა დამარწმუნა მის მზადყოფნაში, ჩაერთოს ამ თვალსაზრისით და მის სურვილში, შეინარჩუნოს სტაბილურობა“, - განაცხადა მაკრონმა კრემლში პუტინთან დაახლოებით 6-საათიანი მოლაპარაკების შემდეგ.