ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ცნობით ჩატარებული კვლევის თანახმად, თბილისის მოზრდილი მოსახლეობის 9,1 პროცენტს კოვიდინფექცია უკვე გადატანილი აქვს.
ცერცვაძის თქით, კვლევა ჯერ მხოლოდ დედაქალაქში ჩატარდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დასრულდა.
„გაზაფხულზეც გვქონდა ასეთი კვლევა და იქ მაჩვენებელი 0,9 პროცენტი იყო. რანდომული კვლევა ჩატარდა, არსებობს მეთოდიკა, როდესაც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვიკვილეთ ათასი მოქალაქე და ვნახეთ, რამდენს ჰქონდა პოზიტიური ანტისხეულები კოვიდის მიმართ და იქ დადგინდა, დედაქალაქში ცხრა პროცენტზე ოდნავ მეტ პროცენტი მოსახლე არის ინფექციაგადატანილი.
მსგავსი კვლევა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქშიც ჩატარდა. ნიუ-იორკში 25 პროცენტი იყო, ჟენევაში - 14 პროცენტი, ვიტყოდი, რომ 10 პროცენტი მოსახლეობის ინფიცირება, ეს არის საშუალო ევროპული პროცენტი“, - განაცხადა ცერცვაძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.
დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 204 003-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა 171 526 პაციენტი.