რომელი დღიდან უნდა დაიწყოს იზოლაციისთვის საჭირო 8 დღის ათვლა. ამასთან დაკავშირებით შეკითხვა ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს თამარ გაბუნიას დაუსვეს.
„ჩვენს შემთხვევაში, ათვლა იწყება იმ დროიდან, როდესაც გვაქვს მტკიცებულება, რომ საუბარია ნამდვილად დაავადებაზე. ვიდრე არ გვაქვს დადასტურებული დიაგნოზი, რთულია, ერთიან ჩარჩოში ჩაჯდეს ამდენი ადამიანი და ზუსტად ვიცოდეთ, ვინ მეხუთე დღიდან, ვინ მეშვიდე დღიდან და ვინ მერამდენე დღიდან ექვემდებარება იზოლაციიდან გამოსვლას. აქედან გამომდინარე, პროგრამული მიზნებისთვის მნიშვნელოვანია, შენარჩუდეს ის თარიღი, როდესაც გვაქვს დადებითი პასუხი ტესტზე, ანუ, ნამდვილად ვიცით, რომ საქმე გვაქვს კოვიდინფიცირებასთან და არა რაიმე სხვა ინფექციასთან“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს შემდგომ ბრიფინგზე.
ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა რამდენიმე დღის წინ გამოთქვა მოსაზრება, რომ საკითხი, იზოლაციის ვადებთან დაკავშირებით, კერძოდ, საიდან იწყება იზოლაციისთვის საჭირო 8 დღის ათვლა, გაუგებრობას იწვევს. სპეციალისტმა მოიშველია CDC-ის პროტოკოლი, რომელშიც წერია: აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი სიმპტომურ პაციენტებში იზოლაციის ვადების ათვლას იწყებს სიმპტომების დაწყებიდან და არა დადასტურების თარიღიდან:(ანუ იმის მიუხედავად, როდის იყო ადამიანი ტესტირებით დადებითი, ნულოვან დღედ ითვლება სიმპტომების დაწყების დღე).