შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გასულ წელთან შედარებით დანაშაულმა 10 პროცენტით იკლო.
როგორც გომელაურმა 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, ოპონენტები ხშირად აცხადებენ რომ ქვეყანაში კრიმინალმა იმატა, თუმცა სტატისტიკა სხვას აჩვენებს.
შს მინისტრის ცნობით გასულ წელთან შედარებით ყაჩაღობის ფაქტები 42%-ით შემცირდა, გამოძალვა -34%,-ით, ძარცვა - 25%-ით ქურდობა -12%-ით, მკვლელობის მცდელობა -5%-ით.
„მივყვეთ მონაცემებს და ვნახავთ, რომ ოპონენტების განცხადებები პოლიციის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. სამართალდამცველთა ძალისხმევის შედეგად, გასულ წელთან შედარებით, დანაშაული შემცირდა 10 პროცენტით. რა თქმა უნდა გვაქვს მატება გარკვეულ დანაშაულებზე, რაზეც ინფორმაციას საზოგადოებას ყოველთვიურად ვაწვდით, მაგალითისთვის: კიბერდანაშაულმა მოიმატა 24 პროცენტით, ოჯახში ძალადობამ 8,5 პროცენტით, მკვლელობამ 11 პროცენტით იმატა, რაც 7 - ერთეულით მეტია. იცით რომ კიბერდანაშაული არის 21-ე საუკუნის გამოწვევა და ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. ოჯახში ძალადობის მატების ტენდეცია კი განპირობებულია მზარდი მომართვიანობით, რაც წლების განმავლობაში გამოწვევას წარმოადგენდა. აუცილებელია შევეხოთ იმ პოზიტიურ ტენდენციებს, რაც გვაქვს ისეთი კატეგორიის დანაშაულებზე, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებაზე, კერძოდ: • ყაჩაღობა -42% • გამოძალვა -34% • ძარცვა -25% • ქურდობა -12% • შემცირდა ბინების გაქურდვის ფაქტები -22%. • მკვლელობის მცდელობა -5% თქვენ გაეცანით ამ რეალურ ციფრებს, რაც ასახავს ქვეყანაში არსებულ მდგომაროებას დანაშაულთან მიმართებაში. თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც მედია საშუალებებით მცირე ინციდენტებიც კი ინტენსიურად შუქდება, რაც ქმნის განცდას რომ დანაშაულმა იმატა. ჩვენ პატივს ვცემთ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას და სწორედ ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევის შედეგია რომ მედია თავისუფალია, ერთი კაბინეტიდან არ კონტროლდება და ნებისმიერი ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია“, - აღნიშნავს შიანაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური