იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის რისკი იზრდება

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის რისკი იზრდება. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, განგრძობადი სამხედრო გაფართოება გრძელდება.

„არ არსებობს მტკიცებულება, თუმცა რასაც ვხედავთ, არის განგრძობადი სამხედრო გაფართოება, უფრო მეტი და მეტი ძალა, სამხედრო ჰოსპიტლები და ლოჯისტიკა. ჩვენ ასევე ვხედავთ მუქარის შემცველ რიტორიკას რუსეთის მხრიდან, თუკი არ დავთანხმდებით მათ მოთხოვნებს, დადგება, როგორც თვითონ უწოდებენ, სამხედრო-ტექნიკური შედეგი. ჩვენ უკვე გვაქვს ისტორია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის, დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად წერილობით უპასუხა რუსეთის მოთხოვნებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". ამასთან, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, კომპრომისზე არ წავლენ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები და ალიანსები.

მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. დასავლეთი მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები.