საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, პარლამენტში პოლიტიკური პარტიების გადასაწყვეტია, როგორ განვითარდება მოვლენები მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.
„პარლამენტში პოლიტიკური პარტიების გადასაწყვეტია, თუ როგორი განვითარება მოჰყვება საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებულ საკითხს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ჰარცელმა მიხეილ სააკაშვილის ჯანრთელობის მდგომარეობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება მოვლენათა განვითარებას. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ზომები იქნას მიღებული.
შეგახსენებთ, რომ თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ამ დროისთვის მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. ამასთან, პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.