„თბილსერვის ჯგუფს“ დავით ფაჩულია უხელმძღვანელებს

შპს „თბილსერვის ჯგუფს“ დავით ფაჩულია უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის განცხადებით, მრავალფეროვანი პროფესიული გამოცდილება ახალ დირექტორს სამსახურის წინაშე არსებული მნიშვნელოვანი ამოცანების დაძლევაში დაეხმარება.

„მინდა, წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელიც უხელმძღვანელებს „თბილსერვის ჯგუფს“. დავით ფაჩულია არის მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების მქონე კადრი, რომელიც წლების განმავლობაში, კერძო სექტორში, სხვადასხვა ხელმძღვანელ და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობდა. ის გახლავთ ბიზნესის მართვის მაგისტრი. განათლება აქვს მიღებული ტურიზმის მენეჯმენტისა და ეკონომიკის მიმართულებით და თვითონაც, მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, სხვადასხვა სასწავლებელში, წლების განმავლობაში, ტურიზმის სფეროში ლექციებს კითხულობდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, დავით ფაჩულია 2020 წლიდან „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილე იყო, ხოლო შემდეგ, დირექტორის მოვალეობას ასრულებდა.