ბრალდების იმ ეპიზოდთან, რომელიც დღეს იხილება არანაირი შეხება არ მაქვს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე მოწმის სახით გამოძახებულმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ განაცხადა.
„ჩემთვის ცნობილია, მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას ქონების გაფლანგვასთან დაკავშირებით. ვიცი, რომ ეს ეტაპი და ბრალდება ეხება 2009-2013 წლამდე პერიოდს. ამ პერიოდის განმავლობაში მე არ ვიყავი სამსახურის ხელმძღვანელი და არანაირი შეხება არ მქონდა. მე აქ გამოძახებული ვარ დაცვის მხარის მოწმედ. მართალი გითხრათ, ჩემთვის გაუგებარია დაცვის მხარის პოზიციების გასამყარებლად გამოძახებული ანზორ ჩუბინიძე", - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ამ დროისთვის მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. ამასთან, პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.