კოვიდინფიცირებული ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა სახლში განაგრძობს მკურნალობას. როგორც მან გადაცემაში „იმედის დილა“ ჩართვისას განაცხადა, ორი დღეა, მაღალი სიცხე, 38,6 უფიქსირდება.
„დღეს დილით შედარებით უკეთესად ვარ. პირველ რიგში ვცდილობ, რომ ვიმოძრაო, თუმცა სიცხის დროს მოძრაობა ძალიან მიჭირს. ძალიან ძლიერი საერთო სისუსტე მაქვს, თუმცა როგორც კი სიცხე ნორმალიზდება, ვცდილობ, ფიზიკურად აქტიური ვიყო, რაც შეიძლება მეტი სითხე მივიღო. ასევე, სიცხის დამწევები, როდესაც ამის საჭიროება არის.
ჯერჯერობით, დაავადების დასაწყისია, ამიტომ პირველი სამი-ოთხი დღის შეფასება გამიჭირდება, რადგან მაინც ითვლება, რომ სიმპტომური პაციენტი ვარ. მაღალი სიცხეებით დაიწყო ვირუსი და მესამე დღეა უკვე, ასე მიდის. ახლა, უახლოესი ორი დღე იქნება გადამწყვეტი - თუ ტემპერატურა კლებისკენ წავა, ეს ნიშნავს, რომ საგანგაშო არაფერია. თუ მაღალი ტემპერატურა დარჩება, მეტად საყურადღებოა და შეიძლება, საჭირო გახდეს გარკვეული კვლევების ჩატარება. ჯერჯერობით ვაკვირდები“, - ასე აღწერს ის თავის მდგომარეობას.
ინფექციონისტის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია გამხნევება, მოტივაცია სხვა ადამიანების მხრიდან, რათა მოგცეს ძალა, რომ ეს რთული მდგომარეობა გადაიტანო“.
„როდესაც მაღალი ტემპერატურა მაქვს, ვიცი, რა წესები უნდა დავიცვა, მაგრამ ძალიან მიჭირს სისუსტის გამო და ხშირ შემთხვევაში მეც ვერ ვახერხებ რეკომენდაციების დაცვას, რასაც გულუხვად ვარიგებდი ხოლმე. ვცდილობ, დადებითი ემოციები შევინარჩუნო და რაც შეიძლება მალე გამოვჯანმრთელდე, რათა დავუბრუნდე ჩემს საქმიანობას და განვაგრძო ამ დაავადებასთან ბრძოლა.
ახლა უფრო კარგად გავიცანი ვირუსი, პირადი შეხება მქონდა მასთან და პირიქით, ამ ყველაფერმა, შეიძლება, გამიადვილოს პაციენტებთან ურთიერთობაც - ხშირ შემთხვევაში ისეთი მიმდინარეობა აქვს დაავადებას, რომ პაციენტს ვერ მოსთხოვ ბევრ რამეს. ძალიან მნიშვნელოვანია გამხნევება, მოტივაცია სხვა ადამიანების მხრიდან, რათა მოგცეს ძალა, რომ ეს რთული მდგომარეობა გადაიტანო“, - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.
გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 49 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. კორონავირუსი კიდევ 2 635 ადამიანს დაუდასტურდა, 2 244 კი გამოჯანმრთელდა.