ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე ტიკარაძე კლინიკა „რუსთავში“ 29 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი მდგომარეობა კლინიკაში შეყვანის დროს უკვე საკმაოდ მძიმე იყო.
მედიასთან საუბრისას მინისტრმა ლეტალობის სტატისტიკაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა რომ, რომ ასაკობრივ სპექტრთან მიმართებაში სტატისტიკას ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდებიან.
„ასაკობრივ სპექტრთან მიმართებაში კოვიდინფიცირებულთა სტატისტიკას ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდებიან. 80 წელზე ზევით მოქალაქეებში 5 პროცენტიანი ლეტალობის მაჩვენებელი ფიქსირდება, 70-80 წლამდე ეს მაჩვენებელი 2, 5-პროცენტია. რაც შეეხება ახალგაზრდების სტატისტიკას, მაჩვენებელი არის 0,5-0,7 პროცენტი, მაგრამ მიუხედავად ამისა ყოველი ლეტალობის შემთხვევა ძალიან მტკივნეულია. დღევანდელი 2 შემთხვევიდან, ერთ შემთხვევაზე უკვე მაქვს ინფორმაცია, რომელიც 29 მოქალაქეს ეხება. ეს ადამიანი 5 დეკემბერს შევიდა სტაციონარში, თუმცა ექიმები ამბობენ, რომ სტაციონარში მოთავსების მომენტში მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო. 8 დღის განმავლობაში ექიმები პაციენტის გადარჩენას ცდილობდნენ, მაგრამ სამწუხაროდ სასიკეთო შედეგით ეს ვერ დამთავრდა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძე.
რუსთავში კორონავირუსით 29 წლის კაცი გარდაიცვალა. მას კლინიკა "რუსთავში" ერთი კვირა მკურნალობდნენ. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. კლინიკაში განმარტავენ, რომ ახალგაზრდა კაცს მძიმე თანმხლები დაავადებები არ აღენიშნებოდა, თუმცა საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს.