„თუ ქართველი პოლიტიკოსები მოახერხებენ და საკუთარ ანტაგონიზმსა და კინკლაობას გვერდზე გადადებენ, პოზიტიური პასუხის შანსიც გაიზრდება“, - ასე აფასებს ევროპარლამენტარი და ესტონეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი სვენ მიქსერი საქართველოს შანსებს, 2024 წლისთვის დაგეგმილ ევროკავშირის წევრობის განაცხადზე დადებითი პასუხი მიიღოს.
„მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს ჯერ კანდიდატი ქვეყნის სტატუსიც კი არ აქვს. წინ დიდი გზაა და ბევრი რეფორმაა გასატარებელი, ასე რომ, ვფიქრობ, საქართველო ჯერ არაა მზად იმისთვის, რომ ევროკავშირში მიიღონ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რეფორმების საკითხს სერიოზულად არ უნდა მოეკიდოთ, რადგან მეტი წილი ამ რეფორმებისა გათვლილია როგორც საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებაზე, ასევე ხალხის კეთილდღეობაზე, მიუხედავად იმისა, დაგვირგვინდება თუ არა ეს ყველაფერი ევროკავშირის წევრობით. ცხადია, ბევრი სამუშაოა შესასრულებელი ევროკავშირისგან დადებითი პასუხის მისაღებად, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შესაძლებლობის ფანჯარა საქართველოსთვისაც გაიხსნება და ამ მომენტისათვის ქართველები მზად უნდა იყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ უფრო დიდხანს მოგიწევთ ლოდინი“, - აცხადებს სვენ მიქსერი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.
ევროპარლამენტარი ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე საუბრისას ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მიიჩნევს ევროკავშირის ნორმებთან დაახლოებას შრომის კანონმდებლობის, კონკურენციის კანონებისა და ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სფეროში. ყველაზე მთავარი კი, მართლმსაჯულების რეფორმაა, რომელსაც ევროკავშირი დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების მნიშვნელოვანი პირობა იყო.
„ჯერჯერობით ვერ ვხედავთ მზაობას, ეს შეთანხმება ბოლომდე შესრულდეს. როცა ვსაუბრობთ მოსამართლეების უვადო დანიშვნებზე, უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც ამ ნაბიჯს გადავდგამთ, მერე მოგვიწევს ამ მოცემულობით ცხოვრება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში“, - აღნიშნავს სვენ მიქსერი.
„ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს ვხედავთ ევროკავშირის კანონმდებლობის ჰარმონიზაციისა და დანერგვის მხრივ, მაგრამ შეუსრულებელი რჩება ასევე მნიშვნელოვანი საკითხები. პოლიტიკური გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, ევროპისთვის შემაშფოთებელია პოლიტიკური პოლარიზაცია და მძაფრი ანტაგონიზმი, რაც, თავისთავად ცხადია, საქართველოს პროგრესს აფერხებს რიგ საკვანძო საკითხებში. ბოლო დროს კი, შეშფოთება გაჩნდა რიგი დამოუკიდებელი ინსტიტუტების ფუნქციონირებასთან დაკავშირებითაც. დემოკრატიულ სახელმწიფოში კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმ ინსტიტუტების დამოუკიდებლობა, რომლებსაც ევალებათ აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობა“, - განაცხადა სვენ მიქსერმა.