ბრიტანეთის კვლევითმა ცენტრმა Economist Intelligence Unit-მა დემოკრატიის ყოველწლიური ინდექსი გამოაქვეყნა. ყოველწლიური ანგარიში დემოკრატიის მდგომარეობას 167 ქვეყანაში ხუთ საზომზე დაყრდნობით აფასებს. ესენია - საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, მთავრობის ფუნქციონირება, პოლიტიკური მონაწილეობა, დემოკრატიული პოლიტიკური კულტურა და სამოქალაქო თავისუფლებები. მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 8.4% ცხოვრობს სრული დემოკრატიაში, ხოლო მესამედზე მეტი ცხოვრობს ავტორიტარული მმართველობის ქვეშ.
მიუხედავად რეგიონში საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების უპირატესობისა, აღმოსავლეთ ევროპას არ აქვს „სრულყოფილი დემოკრატია“, ესტონეთი (7,84), ჩეხეთი (7,74) და სლოვენია (7,54), გლობალურ რეიტინგში 27-ე, 28-ე და 35-ე ადგილზე განთავსდნენ. ეს ქვეყნები ყველაზე ახლოს არიან „სრულყოფილი დემოკრატიის“ კვალიფიკაციასთან (8,00-ზე მეტი ქულით). თუმცა აღმოსავლეთ ევროპამ 2021 წელს, თავისი რეგიონული საშუალო ქულის შემცირების თავიდან აცილებით, ყველა სხვა რეგიონს აჯობა. აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე კარგი შედეგი ესტონეთს აქვს, შემდეგ მოდიან ჩეხეთი და სლოვენია.
უნგრეთის და პოლონეთის ქულები ზომიერად დაეცა. ამ ქვეყნებს კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ევროკავშირთან უთანხმოება აქვთ. მთლიანობაში, მსოფლიოში მხოლოდ 21 ქვეყანა შეიძლება, ჩაითვალოს სრულფასოვან დემოკრატიად, კიდევ 53 ქვეყანა შედის „არასრულყოფილი დემოკრატიების“ კატეგორიაში.
საქართველო (ქულა 5,31-დან 5,12-მდე შემცირდა) 2020 წლის მსგავსად 91-ე ადგილზე განთავსდა „ჰიბრიდული რეჟიმების“ კატეგორიაშია, სადაც ავტორიტარული და დემოკრატიული ელემენტების შეხამებაა. ამავე კატეგორიაში არიან უკრაინა და სომხეთიც, თუმცა სომხეთი 89-ე ადგილზეა, უკრაინა -86-ე.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო და უკრაინა აგრძელებენ ქულების კლების ტენდენციას. სომხეთმა და ბოსნია და ჰერცეგოვინამ კი მონაცემი გააუმჯობესეს. ამ კატეგორიაში უკრაინის შემთხვევაში ქულის ყველაზე მკვეთრი კლება დაფიქსირდა აღმოსავლეთ ევროპის ოთხ ქვეყანას შორის. უკრაინა ახლა მექსიკასთან ერთად 86-ე ადგილს იზიარებს გლობალურ რეიტინგში, 2020 წელს კი 79-ე ადგილზე იყო. პოზიტიური ცვლილებებია მოლდოვის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და მონტენეგროს შემთხვევაში. ეს ქვეყნები „ჰიბრიდული რეჟიმების“ კატეგორიიდან „„არასრულყოფილი დემოკრატიების" კატეგორიაში გადავიდნენ.
„უკრაინის ქულა ნაწილობრივ შემცირდა რუსეთთან გაზრდილი დაძაბულობის შედეგად. მთავრობა, რომელიც ფუნქციონირებს პირდაპირი სამხედრო საფრთხის ქვეშ, ჩვეულებრივ ზღუდავს დემოკრატიულ პროცესებს ხელისუფლების ცენტრალიზაციის სასარგებლოდ, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. უკრაინაში სამხედროებმა უფრო მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს 2021 წელს და მეტი გავლენა მოახდინა პოლიტიკურ გადაწყვეტილებების მიღებაზე; მთავრობის პოლიტიკაც ნაკლებად გამჭვირვალე გახდა“, - ვკითხულობთ შეფასებაში.
„საქართველოს ქულა 2021 წელსაც შემცირდა. ქვეყანამ გლობალურ რეიტინგში 91-ე ადგილი შეინარჩუნა. ლიბერიასა და ჰონდურასს შორის არის, მაგრამ მისი ქულა 2020 წელს 5,31-დან, 2021 წელს 5,12-მდე დაეცა. რამდენიმე ტურბულენტურმა მოვლენამ შეაფერხა დემოკრატიული პროცესები. მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციურ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შორის დაძაბულობა ექსპრეზიდენტისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებით დასრულდა. ადგილობრივი არჩევნები, რომლის დროსაც სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნდა და დააკავეს, საერთაშორისო დამკვირვებლების თქმით, დარღვევებით ჩატარდა. მმართველი პარტია მნიშვნელოვანი ფინანსური და ოპერაციული უპირატესობებით სარგებლობს, რაც საარჩევნო კონკურენციას და გამჭვირვალობას ხელს უშლის“, - აღნიშნულია ანგარიშში.
„დემოკრატიის ინდექსის“ მიხედვით, რუსეთი „ავტორიტარული რეჟიმების“ კატეგორიაში დარჩა. 167 ქვეყანას შორის ის 124-ე ადგილზეა. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან რუსეთზე უარესი რეიტინგი ყაზახეთს (128 ადგილი), ბელორუსს (146-ე ადგილი), აზერბაიჯანს (141-ე ადგილი), უზბეკეთს (150-ე ადგილი), თურქმენეთსა (161-ე ადგილი) და ტაჯიკეთს (157-ეს ადგილი) აქვთ. უკანასკნელ ადგილზეა ავღანეთი. ყირგიზეთი „ჰიბრიდული რეჟიმების“ კატეგორიიდან „ავტორიტარული რეჟიმების“ კატეგორიაში გადავიდა და რუსეთს ერთი პოზიციით უსწრებს.
სტატიის თანახმად, მთავრობის მიერ დაწესებულმა ჩაკეტვამ და პანდემიის კონტროლის სხვა ზომებმა 2020 წელს, სამოქალაქო თავისუფლებების უზარმაზარი უკანდახევა გამოიწვია, რამაც რეიტინგში ქვეყნების უმრავლესობა დააქვეითა. ახალი, მომაკვდინებელი (კორონავირუსის) დაავადების წინაშე, რომლის მიმართაც ადამიანებს არ გააჩნდათ ბუნებრივი იმუნიტეტი, ადამიანების უმეტესობამ დაასკვნა, რომ სიცოცხლის კატასტროფული დაკარგვის თავიდან აცილება ამართლებს თავისუფლების გარკვეულ დროებით დაკარგვას.