საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარკ კლეიტონი მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრობაზე, რაც საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერაში გამოიხატება. თავდაცვის მინისტრმა ბრიტანელ დიპლომატთან შეხვედრაზე რეგიონის უსაფრთხოების საკითხები განიხილა.
შეხვედრაზე ადგილი დაეთმო საერთაშორისო სამხედრო სწავლებებში ქართველი და ბრიტანელი ჯარისკაცების მონაწილეობას, თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობას, სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით NATO-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელებასა და ქართველი სამხედროების ევროკავშირის სამშვიდობო მისიებში მონაწილეობას.