აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მონაწილეობა მიიღო ონლაინ შეხვედრაში, რომელსაც 120-ზე მეტი მოსამართლე ესწრებოდა მთელი საქართველოდან. აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) ცნობით, შეხვედრაზე მოსამართლეები ახალ პროგრამას გაეცნენ და განიხილეს ამერიკის მთავრობის მხარდაჭერის გაგრძელების საკითხი, რომელიც ხელს შეუწყობს კანონის უზენაესობის გაძლიერებას საქართველოში.
„ახალი პროგრამის ფარგლებში უფრო მეტს ვიმუშავებთ მოსამართლეებთან და ხელს შევუწყობთ სასამართლოსა და მოსამართლეების მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდას“, -ნათქვამია USAID-ის მიერ გავრცელებულ ტექსტში.
თავის მხრივ, ამერიკის საელჩოს განცხადებით, ნებისმიერი სასამართლოს ლეგიტიმურობა დამოკიდებულია კვალიფიციური მოსამართლეების უნარზე, მიიღონ არგუმენტირებული, დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რომელიც თავისუფალი იქნება ზეწოლისა და კორუფციისგან.
„USAID-ის კანონის უზენაესობის პროგრამა ქართველი მოსამართლეებისთვის ჩვენი საელჩოს, როგორც საქართველოს დემოკრატიული განვითარების საქმეში მტკიცე პარტნიორის, დიდი ძალისხმევის ნაწილია.
დაწყებული გაცვლითი და სხვა პროგრამებით ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის იურიდიული და სამოქალაქო მომსახურების გასაუმჯობესებლად სამინისტროს ხელმძღვანელებთან აქტიური მუშაობის ჩათვლით, აშშ-ის წარმომადგენლობა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას უმთავრეს პრიორიტეტად ისახავს. მსგავს პროგრამებზე ფოკუსირებით საქართველო უფრო სწრაფად შეძლებს ტრანსატლანტიკურ გზაზე საჭირო რეფორმების გატარებას“, - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ტექსტში.
USAID-მა წელს კანონის უზენაესობის ახალი პროგრამა დაიწყო, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს, შექმნას საქართველოს ყველა მოქალქისთვის ხელმისაწვდომი უფრო დამოუკიდებელი, ეფექტიანი და ანგარიშვალდებული მართლმსაჯულების სისტემა.