სტოლტენბერგის თქმით, აღმოსავლეთ ფლანგზე კონტინგენტის გაფართოების საკითხი NATO-ს თავდაცვის მინისტერიალზე განიხილება

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, აღმოსავლეთ ფლანგზე დამატებითი ძალების განთავსების საკითხი თავდაცვის მინისტერიალზე განიხილება. საბოლოო გადაწყვეტილება კი გაზაფხულზე იქნება მიღებული. ამის შესახებ სტოლტენბერგმა რუმინეთში, ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი აღმოსავლეთის ფლანგის გაძლიერებას მეტი გემით, მეტი თვითმფრინავით, მეტი ჯარით. ჩვენ ასევე მზად ვართ, სწრაფად გავაძლიეროთ საჭიროების შემთხვევაში. ჩვენ გავზარდეთ NATO-ს რეაგირების ძალების მზადყოფნა და საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია მეტი ძალების განთავსება მოკლე დროში.

ეს არის ის, რაც ჩვენ უკვე გავაკეთეთ, განვათავსეთ მეტი ჯარი და გავზარდეთ მზადყოფნა. გარდა ამისა, ჩვენ ასევე ვაფასებთ ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში ჩვენი უფრო გრძელვადიანი ყოფნის საკითხს  და ეს მოიცავს საბრძოლო ჯგუფს რუმინეთში, მაგრამ ასევე შესაძლოა - საბრძოლო ჯგუფებს ალიანსის სამხრეთ-აღმოსავლეთის სხვა ნაწილებში. ეს საკითხი განიხილება და გადაწყდება მომავალ კვირას NATO-ს თავდაცვის მინისტერიალზე. ველი, რომ მინისტრები დათანხმდებიან იმას, რომ შემდგომ დაიწყოს დაგეგმვა და განიხილონ მასშტაბები და დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განათავსონ საბრძოლო ჯგუფი, ასევე - რა სახის საბრძოლო ჯგუფი უნდა იყოს ეს.

შემდეგ კი ველოდები, რომ საბოლოო გადაწყვეტილება გაზაფხულზე იქნება მიღებული. ასე რომ, დიახ, მე - ჩვენ უკვე გავზარდეთ ჩვენი ყოფნა. ჩვენ დღეს აქ ვხედავთ 2000-ზე მეტ ამერიკელ ჯარისკაცს, ასევე, იტალიელ, გერმანელ ჯარისკაცებს და სხვა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

საერთაშორისო მედიის ცნობით, ალიანსის შეიარაღებული ძალები გაზაფხულიდან რუმინეთში, სლოვაკეთსა და ბულგარეთშიც განთავსდება.


ასევე წაიკითხეთ:

იენს სტოლტენბერგი: შავი ზღვის რეგიონს NATO-სთვის სასიცოცხლო, სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს