NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ ონლაინშეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მხარეებმა უკრაინასა და მის ირგვლივ რუსეთის სამხედრო გაძლიერებასა და ევროპულ და საერთაშორისო უსაფრთხოებაზე მისი გავლენის შესახებ იმსჯელეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრუდო, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იტალიის პრემიერ- მინისტრი მარიო დრაგი, პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა, რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი, ასევე ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები.
NATO-ს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ შემდგომი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთს ძვირი დაუჯდება და კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ მზად არიან, განაგრძონ დიალოგი რუსეთთან.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ევროპაში კონფლიქტის რისკი რეალურია და მიესალმა NATO-ს მოკავშირეების მიერ ბოლო დროს დამატებითი თავდაცვითი ძალების განლაგებას ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში.
სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ბაიდენს მოკავშირეებთან მჭიდრო კონსულტაციისთვის და დაამატა, რომ NATO-ს თავდაცვის მინისტრები მომავალ კვირას განიხილავენ, თუ როგორ გააძლიერონ NATO-ს თავდაცვით პოზიციებს.
ამ შეხვედრამდე სტოლტენბერგი რუმინეთში ვიზიტით იმყოფებოდა.