მაიკლ კარპენტერი: თუ რუსეთი სამხედრო ესკალაციის გზას აირჩევს, მზად ვართ, დავაწესოთ მძიმე და უპრეცედენტო ზომები

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა უკრაინის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ რუსეთმა უპრეცედენტო ძალა განათავსა უკრაინის საზღვართან, ისევე როგორც ბელორუსში - 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი უკრაინის საზღვართან და 30 000-მდე ჯარისკაცი, თუ არა მეტი, ბელორუსის შიგნით. ელჩის თქმით, რუსეთი კბილებამდე შეიარაღებულია.

აშშ-მ რუსეთს ორი არჩევანი შესთავაზა - „დიპლომატიის და დიალოგის“, ან „მასიური შედეგების“ გზა. გუშინ და დღეს მოლაპარაკებები ერთდროულად ვაშინგტონში, მოსკოვსა და შემდეგ უკვე კიევში გაიმართა. მაგალითად, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინთან აუდიენციის შემდეგ განაცხადა, რომ მომდევნო დღეები გადამწყვეტი იქნება. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ, რა გზას აირჩევს რუსეთი? ამ შეკითხვით Europetime-მა ეუთოში (OSCE) აშშ-ის მუდმივ წარმომადგენელს მაიკლ კარპენტერს მიმართა.


 „რუსეთმა მოაგროვა უპრეცედენტო ძალა უკრაინის საზღვართან ისევე როგორც ბელორუსში - 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი უკრაინის საზღვართან და 30 000-მდე ჯარისკაცი, თუ არა მეტი, ბელორუსის შიგნით. ის კბილებამდე შეიარაღებულია. მას აქვს ყველაფერი - არტილერია, საბრძოლო შვეულმფრენები, საბრძოლო თვითმფრინავები და ყველანაირი საშუალება, რომელიც მზადაა, შეტევისთვის, ბრძანების გაცემის შემთხვევაში. 

ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ კრემლისთვის არჩევანი მკვეთრი გავხადეთ. ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს მიერ არჩეულ გზას, რომელიც არის დიპლომატიის და დიალოგის გზა, მათ შორის აქ, ეუთოში, NATO-ში და ასევე - ორმხრივად. ჩვენ მზად ვართ, მოვისმინოთ ყველა შეშფოთება, რომლის განხილვაც რუსეთს სურს მაგიდასთან.

მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენც ვაპირებთ ჩვენი შეშფოთებების წამოჭრას ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად. თუმცა ჩვენ მზად ვართ, ეს საუბარი გულწრფელად და ღიად წარიმართოს. მეორე მხრივ, თუ რუსეთი აირჩევს სამხედრო ესკალაციის გზას - ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ თუ ასე იქნება - მაშინ ჩვენ მზად ვართ, დავაწესოთ მასიური და უპრეცედენტო ზომები.

„ჩვენ“-ში ვგულისხმობ არამხოლოდ შეერთებულ შტატებს, არამედ მთელ დიდ შვიდეულს, მთელ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, NATO-ს, ისევე როგორც ევროპულ საბჭოს, რომელიც ასევე ძალიან მჭიდრო კოორდინაციაშია შეერთებულ შტატებთან. ასე რომ, არჩევანი პრეზიდენტმა პუტინმა უნდა გააკეთოს, მე ვერ გეტყვით, რა არჩევანს გააკეთებს", - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა. 


ინფორმაციისთვის, უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების გაძლიერების ფონზე, ამერიკელი ჯარისკაცების პირველი შემადგენლობა ევროპაში 2 თებერვალს ჩავიდა. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ თავის მხრივ განაცხადა, რომ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში. გარდა ამისა, NATO-ს მოკავშირეები უკრაინას თავდაცვით იარაღს აწვდიან.

ასევე წაიკითხეთ

ოლაფ შოლცი: საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის ერთიანი მიზანი ევროპაში მშვიდობის შენარჩუნებაა

ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, მაკრონმა ყველა მხარეს მინსკის შეთანხმებების განხორციელებისკენ მოუწოდა

ემანუელ მაკრონის თქმით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შედეგად, ესკალაციის თავიდან აცილების მიზანს მიაღწია

ვოლოდიმირ ზელენსკი მაკრონთან შეხვედრის შემდეგ: ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციისთვის

პუტინი: რუსეთი NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება

ჯონ სალივანი: დოკუმენტი, რომელიც რუსეთს გადავეცით, დიპლომატიასა და სიტუაციის დეესკალაციის გზას ეფუძნება

რას სთავაზობს NATO რუსეთს


დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად წერილობით უპასუხა რუსეთის მოთხოვნებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". ამასთან, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, კომპრომისზე არ წავლენ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები და ალიანსები.

მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. დასავლეთი მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები.

ასევე წაიკითხეთ: პუტინი: აშშ-მ და NATO-მ ჩვენი პრინციპული მოთხოვნები უგულებელყვეს