თეთრი სახლი ჯო ბაიდენის და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

„აშშ-ის პრეზიდენტი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 12 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ესაუბრა, რათა მკაფიოდ განემარტა, რომ თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში, აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთს სწრაფ და მძიმე საფასურს დააკისრებენ. პრეზიდენტმა ბაიდენმა მოუწოდა პრეზიდენტ პუტინს, ჩაერთოს დეესკალაციასა და დიპლომატიაში.

პრეზიდენტმა ბაიდენმა გაიმეორა, რომ რუსეთის შემდგომი შეჭრა უკრაინაში გამოიწვევს ადამიანურ ტანჯვას და დაასუსტებს რუსეთის მდგომარეობას. პრეზიდენტმა ბაიდენმა პრეზიდენტ პუტინთან მკაფიოდ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, შეერთებული შტატები მზადაა, ჩაერთოს დიპლომატიაში, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან სრული კოორდინაციით, თანაბრად მზად ვართ, სხვა სცენარისთვის“, - ნათქვამია თეთრი სახლის ინფორმაციაში.


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 11 თებერვალს მოუწოდა ამერიკის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინის ტერიტორია. როგორც იუწყებიან, ამერიკის დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით, რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში შეჭრის შესახებ და ეს შეიძლება, უახლოეს საათებში მოხდეს.

„მე არ ვაპირებ სადაზვერვო ინფორმაციის დეტალებში შესვლას, მაგრამ თუ გადავხედავთ ძალების განლაგებას როგორც ბელორუსში, ასევე რუსეთში უკრაინის საზღვრის მეორე მხარეს, რუსები არიან იმ მდგომარეობაში, რომ შეუძლიათ, განახორციელონ მასშტაბური სამხედრო მოქმედება“, - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა 11 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე.

რაც შეეხება კიევის პოზიციას, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.