„ქართულმა ოცნებამ“ ქალთა ორგანიზაცია დააფუძნა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის ქალთა ორგანიზაცია ფუძნდება, მისი მიზანი კი, პარტიულ-პოლიტიკურ პროცესებში ქალების როლისა და ჩართულობის მაქსიმალური გააქტიურების უზრუნველსაყოფაა.

„ქალები მაღალ თანამდებობებზე ბევრად უფრო ფართო წარმომადგენლობას იმსახურებენ. ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება ხელს შეუწყობს ჩვენი გუნდის ქალი წევრების კარიერულ ზრდას და მათ გაუხსნის გზას მეტი წარმატებისკენ როგორც პარტიულ სტრუქტურებში, ისე საჯარო სამსახურში. ქალთა ორგანიზაცია უზრუნველყოფს ჩვენი პარტიის ქალი წევრების პროფესიულ განვითარებას, ხელს შეუწყობს უფრო მჭიდრო თანამშრომლობასა და კომუნიკაციას სხვადასხვა ქალაქისა და რეგიონის წარმომადგენელ ქალ პარტიის წევრებს შორის. ქალთა ორგანიზაციის დასაფუძნებლად, მომავალი კვირის ბოლომდე გაიმართება საორგანიზაციო შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში.

უახლოეს მომავალში გაიმართება „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელი ეროვნული კონფერენცია, რომელიც აირჩევს ორგანიზაციის გამგეობას და საქალაქო და რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.