დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა დიდია და არსებობს რისკი იმისა, რომ აუცრელ ადამიანებში დაავადება მძიმე ფორმით წავიდეს.
„ხედავთ, რამდენია ყოველდღიურად ინფიცირებულთა რაოდენობა. შესაბამისად, მაინც არის იმის რისკი, რომ აუცრელ ადამიანებში შეიძლება, წავიდეს მძიმედ. ამიტომ ყველას მოვუწოდებ სიფრთხილისა და აცრებისკენ. სამწუხაროდ, აღწერილია შემთხვევები, როდესაც „ომიკრონის“ ერთი ვარიანტის შემდეგ, ერთ თვეში შეიძლება, „ომიკრონის“ მეორე ვარიანტი დაემართოს. საქართველოში ასეთი შემთხვევა დადასტურებული ჯერ არ არის. ზოგადად, რეინფიცირება ბევრია, ვისაც დელტა ჰქონდა, ძალიან ბევრს დაემართა „ომიკრონი“, მაგრამ „ომიკრონის“ ერთი ვარიანტის შემდეგ, მეორე ვარიანტის შეხვედრის ალბათობაც საკმაოდ დიდია“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.