იაპონიაში დიდთოვლობის გამო 1000 მძღოლი საცობში გაიყინა

იაპონიაში მაშველები ცდილობენ გაათავისუფლონ 1000-ზე მეტი მანქანა, რომელიც ძლიერი თოვლის გამო, ორი დღეა საცობშია. - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

იაპონიის ხელისუფლებამ მძღოლებს დაურიგა საკვები, საწვავი და საბნები. შემთხვევა კანეცუს ჩქაროსნულ მაგისტრალზე მოხდა, რომელიც დედაქალაქ ტოკიოს ჩრდილოეთით ნიგატასთან აკავშირებს.

ძლიერმა თოვლმა, რომელიც ოთხშაბათს საღამოს დაიწყო, გზებზე საცობები გამოიწვია. ასევე, ელექტროენერგიის გარეშე დატოვა ჩრდილოეთსა და დასავლეთში 10,000-ზე მეტი სახლი.

შესაბამისი სამსახურები მძიმე ტექნიკითა და ფიზიკური შრომით ცდილობენ გაათავისუფლონ მანქანები, მაგრამ ბოლო ინფორმაციით, 1000 მანქანა ისევ გზაზე იყო.

”ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ მძღოლებისა და მგზავრების გადარჩენას, ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში”, - განაცხადა ნიგატას კატასტროფის მართვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.