ყაზახეთი გეგმავს, „შუა დერეფნის“ გამტარუნარიანობა წელიწადში 20 მილიონ ტონამდე გაზარდოს. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ცენტრალური აზიისა და კორეის რესპუბლიკის პირველ სამიტზე განაცხადა. ინფორმაციას „Report“-az-ი ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, გლობალური მიწოდების ჯაჭვების ცვლილების ფონზე, ცენტრალური აზიის, როგორც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მნიშვნელოვანი რგოლის როლი იზრდება.
თოყაევმა აღნიშნა, რომ ყაზახეთი მიზნად ისახავს თავისი ტერიტორიის გავლით ტრანზიტული ტვირთების საერთო მოცულობის წელიწადში 100 მილიონ ტონამდე გაზრდას. ამ კონტექსტში ქვეყანა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს „შუა დერეფნის“ განვითარებას.
„ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ამ მარშრუტზე ტვირთების მოცულობა ხუთჯერ გაიზარდა. უახლოეს მომავალში ჩვენ ვაპირებთ მისი გამტარუნარიანობის წელიწადში 20 მილიონ ტონამდე გაზრდას,“ — განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ „შუა დერეფანი“ პოტენციურად შეიძლება, ინტეგრირდეს სატრანსპორტო ინიციატივა TRIPP-თან, რომელიც „ტრამპის მარშრუტის“ (Trump Route) სახელითაა ცნობილი.
„შუა დერეფანი“ ჩინეთს ევროპის ქვეყნებთან ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით აკავშირებს.
ყაზახური მხარის მონაცემებით, ამ მარშრუტზე ტვირთების გადაზიდვა 2025 წელს 62%-ით გაიზარდა, ხოლო კონტეინერების გადაზიდვა 2,7-ჯერ — 56 500 კონტეინერამდე.
„შუა დერეფნის“ ამჟამინდელი გამტარუნარიანობა წელიწადში დაახლოებით 6 მილიონ ტონა ტვირთსა და 182 000-მდე კონტეინერს შეადგენს. ყაზახეთი გეგმავს, 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი წელიწადში 10 მილიონ ტონამდე გაზარდოს.