„ომიკრონის“ პიკს ქვეყანა რამდენიმე დღეში გადაივლის და შემდეგ შემთხვევები დაიკლებს, - ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საწოლფონდი ნამდვილად თავისუფალი და დაახლოებით, 6 ათას საწოლამდეა ათვისებული.
„8 ათასზე მეტი საწოლი მობილიზებული გვაქვს. ამ მხრივ პრობლემები არ გვაქვს. ახლა გავდივართ „ომიკრონის“ პიკს და ჩვენი ვარაუდით და დიდი ალბათობით, ამ პიკს რამდენიმე დღეში გადავივლით, მერე იქნება შემთხვევების კლება.
რაც შეეხება ოჯახის ექიმებს, მათ დაკავშირებას და უკუკავშირს, ოჯახის ექიმები მაქსიმალურად მობილიზებულები არიან, 2500 -ზე მეტი ოჯახის ექიმია ჩართული და ისინი ცდილობენ განაწილებების მიხედვით პაციენტებს დაუკავშირდნენ და უკუკავშირი ჰქონდეთ. რადგანაც აქტიური 200 ათასზე მეტი შემთხვევა გვაქვს, იქაც პრიორიტეტულად უკავშირდებიან მათ, ვისაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. აქედან გამომდინარე, შეიძლება ყველა პაციენტს იმ ძველი მოცემულობით ყოველ მეორე დღეს რომ უკავშირდებოდნენ, ახლა ვერ დაუკავშირდნენ“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.