ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ვაქცინაციასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმით ხსნის, რომ„მწვანე საშვის” მოქმედება „ომიკრონის” პირობებში პრაქტიკულად აზრს კარგავს. გაბუნიას განმარტებით ამას გულისხმობდა პრემიერი.
თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კორონავირუსის გადატანილი სტატუსი და ვაქცინაცია „ომიკრონის” პირობებში გარანტია აღარ არის, რომ ადამიანი აღარ დაინფიცირდება.
„განცხადება შეეხებოდა „მწვანე საშვების” გაუქმების შესახებ განმარტებას და იმას, რომ „მწვანე საშვის“ მოქმედება „ომიკრონის“ პირობებში პრაქტიკულად აზრს კარგავს და ჯანდაცვის სამინისტრომ არაერთხელ გააკეთა ამაზე კომენტარი. საქმე შეეხება იმას, რომ გადატანილი სტატუსი და ვაქცინაცია ცხადია, აღარაა „ომიკრონის“ პირობებში გარანტია, რომ ადამიანი აღარ დაინფიცირდეს. ამდენად, „მწვანე საშვის“ მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება საბჭომ რამდენიმე კვირის წინ მიიღო.
რაც შეეხება ვაქცინის ეფექტიანობას, ვაქცინა ინფექციის გადაცემისგან „ომიკრონის“ პირობებში შედარებით ნაკლებად იცავს. ამის შესახებ მტკიცებულებები არსებობს, თუმცა იცავს ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალებისგან. ქვეყანა, მთავრობა და ყველა დაინტერესებული მხარე აქტიურად აგრძელებს ვაქცინაციის კამპანიას. ჩვენთვის მთავარი მიზანია, რომ ვაქცინაციის სათანადო მოცვით შემცირდეს ჰოსპიტალიზაცია და გარდაცვალების შემთხვევები”, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, მედიის მხრიდან საჭიროა ვაქცინაციის თემაზე პოზიტიური კამპანია.
„ჩემი აზრით, თქვენი (მედიის) მხრიდან მეტად პოზიტიური კამპანია იქნება მხარდამჭერი იმისა, რომ ვაქცინაციის კამპანია გაგრძელდეს მეტად აქტიურად, რათა ანტივაქსერმა თუ იმ პირმა, რომელიც ჯერჯერობით ვერ ყალიბდება, რომ ვაქცინა ჩაიტაროს, ეს გააკეთოს. ამ შემთხვევაში საქმე ეხება პოზიტიურ საკომუნიკაციო კამპანიას და არა მუდმივად ნეგატიურ თემებზე აქცენტირებას”, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ამავე თემაზე:
პრემიერ-მინისტრი: „ომიკრონის“ დროს, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს