ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრი გიგა ფარულავა გახდა. კენჭისყრაში მონაწილეობა საკრებულოს 25 - მა დეპუტატმა მიიღო, მათ შორის კანდიდატს მხარი დაუჭირა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“.
კენჭისყრაში „ქართულ ოცნებას“ მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა სხდომას ესწრებოდნენ. მმართველმა გუნდა უარი განაცხადა თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე.
აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და პარტია „საქართველოსთვის“ თანამშრომლობა დღეს ზუგდიდში კიდევ ერთხელ ოფიციალურად დადასტურდა.
რადიო თავისუფლების ცნობით, სხდომას ესწრებოდა ოპოზიციის მხარდამჭერი, ზუგდიდის ერთ-ერთი სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია. მან „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ ერთხელ მოუწოდა, მხარი არ დაეჭირა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ექსპრემიერის პარტიის წარმომადგენლისთვის, რადგან „გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის პერიოდში არაერთი დანაშაული მოხდა“. მათ შორის, ბაჩანა შენგელია ასახელებს მისი დედის, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორ ია კერზაიას გარდაცვალებას, რაც ბაჩანა შენგელიას განცხადებით, გიორგი გახარიას დავალებით განხორციელებული ზეწოლის შედეგია.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა დღეს ერთთვიანი შესვენების შემდეგ გაიმართა. მანამდე დეპუტატები დარბაზში 5-ჯერ შეიკრიბნენ, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩიეს. სხდომების ჩაშლის მიზეზი კვორუმის არქონა იყო.
ზუგდიდის საკრებულოში 22 მანდატი „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს. 20 - „ქართულ ოცნებას“, 3 - „გახარია - საქართველოსთვის“.