სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატმა კოკა კაციტაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის კითხვას უპასუხა, თუ როგორ შეძლებს დამოუკიდებლობის შენარჩუნებას, როდესაც პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის საქმეების პროკურორი იყო.
კოკა კაციტაძემ აღნიშნა, რომ არასდროს არ ყოფილა სახელმწიფო ბრალმდებელი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე, რომელსაც „პიჯაკების საქმეს“ უწოდებენ.
ჩამოგითვლით საქმეებს და თქვენ მითხარით, რომელი იყო აქედან პოლიტიკური - ფოტოგრაფების საქმე იყო პოლიტიკური?! კობა დავითაშვილის ცემის საქმე იყო პოლიტიკური? ვიყავი პროკურორი კობა დავითაშვილის გატაცებისა და ცემის საქმეზე - ალბათ, გემახსოვრებათ, როგორ გაიტაცეს ელიავას ბაზრობიდან ადეიშვილის დავალებით სპეცრაზმის თანამშრომლებმა და ფაქტობრივად, მომაკვდავი გორის სამხედრო ჰოსპიტალში შეიყვანეს და გადამალეს. აკურას ღვინის ქარხნის ჩამორთმევის საქმე იყო პოლიტიკური?! სადაც ადამიანებმა კრედიტი გამოიტანეს ბანკიდან და მერე მერაბიშვილისა და ადეიშვილის დავალებით დაიბარეს და ღვინის ქარხანა ჩამოართვეს.
2011 წლის მაისის აქციიდან გატაცებული ხალხი, ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორში რომ შეიყვანეს, 15 ადამიანი, მაისურების გახდას აიძულებდნენ, არეცხინებდნენ იატაკს და მერე ამ ტალახიან მაისურებს აცმევდნენ. „კაპეზეში“ „მიშა მაგარიაზე“ რომ ამღერებდნენ, ეგ საქმე იყო პოლიტიკური?!
მე ამ საქმეებზე ვმუშაობდი და ღიად და გამჭვირვალედ შემიძლია, დიდხანს ვისაუბრო. დამოუკიდებლობის ხარისხის შემოწმება იმით, რომ მე 2007-დან 2012 წლამდე რიგითი პროკურორი ვიყავი და რაღაც საქმეებზე თითქოს თვალს ვხუჭავდი, ასევე, დამოუკიდებლობის ხარისხის შეფასება მარტო იმიტომ, რომ მე ამ პროკურატურაში ვმუშაობ და სპიკერი ვიყავი საზოგადოებისთვის გახმაურებულ საქმეებზე, ეს არის თქვენი მცდელობა ჩემი დისკრედიტაციის, რაც არ გამოგივათ, რადგან ამაში არც ლოგიკაა და არც რაიმე საფუძველი გაქვთ“, - განაცხადა კოკა კაციტაძემ.
პარლამენტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელებს მიმდინარე კვირაში აირჩევს