უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგანგებო მიმართვით აცნობა მოსახლეობას, რომ ქვეყანა ურთულესი გამოწვევის წინაშეა, რაც მოითხოვს პასუხისმგებლობას, ნდობას და კონკრეტულ ქმედებებს.
ზელენსკის თქმით, „ეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება უკრაინაზე თავდასხმის დღე“, თუმცა უკრაინის პრეზიდენტი პირობას დებს, რომ ეს დღე გაერთიანების დღედ იქცევა: „განკარგულება უკვე გაცემულია. ამ დღეს ჩვენ ეროვნულ დროშებს გადმოვფენთ, ლურჯ და ყვითელ ლენტებს დავკიდებთ", - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში.
„ეს არის დიდებული ქვეყნის შესანიშნავი ხალხი! ჩვენი ქვეყნის წინაშე სერიოზული გარე და შიდა გამოწვევებია, რაც მოითხოვს პასუხისმგებლობას, ნდობას და კონკრეტულ ქმედებებს ჩემგან და თითოეული ჩვენგანისგან. მაგრამ ჩვენი სახელმწიფო დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. ჩვენ ვიბრძვით მშვიდობისთვის და გვინდა, ყველა საკითხი გადაწყდეს მხოლოდ მოლაპარაკებების გზით.
დონბასი და ყირიმი უკრაინას დაუბრუნდებიან მხოლოდ დიპლომატიური გზით. საოცარი ჯარი გვყავს. ჩვენს ბიჭებს აქვთ უნიკალური საბრძოლო გამოცდილება და თანამედროვე იარაღი. ეს არმია დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე რვა წლის წინ. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ ჩვენს შეიარაღებულ ძალებში და ჩვენმა სამხედროებმაც უნდა იგრძნონ ჩვენი მხარდაჭერა, ჩვენი ერთიანობა. ჩვენი არმიისთვის საფუძველს ქმნის ჩვენი ხალხის ნდობა და ძლიერი ეკონომიკა.
გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე. ჩვენ მას ვაქცევთ ერთიანობის დღედ. განკარგულება უკვე გაცემულია. დღეს ნაშუადღევს ჩამოვკიდებთ ეროვნულ დროშებს, დავიჭერთ ლურჯ-ყვითელ ლენტებს და მსოფლიოს დავანახებთ ჩვენს ერთიანობას.
ჩვენ გვაქვს ერთი დიდი ევროპული მისწრაფება. ჩვენ გვინდა თავისუფლება და მზად ვართ, ვიბრძოლოთ მისთვის. ამ ომში დაღუპული 14 ათასი სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე ციდან გვიყურებს. ჩვენ არ ვუღალატებთ მათ ხსოვნას.
ჩვენ ყველას გვინდა, ბედნიერად ვიცხოვროთ. ჩვენ არასდროს დავნებებულვართ და არც ვაპირებთ ამის გაკეთებას. გვიყვარს უკრაინა! ჩვენ მშვიდად ვართ! ჩვენ ძლიერები ვართ! ჩვენ ერთად ვართ“, - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.