"ვაქცინაციის დამცველობა, აღმოჩნდა, რომ შედარებით სუსტია „ომიკრონის“ პირობებში, მაგრამ ე.წ. ბუსტერ დოზა ამას აძლიერებს", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
„ვაქცინაციის პროგრამა მთავარ იარაღად რჩება. რა თქმა უნდა, ვაქცინების გამოყენება კვლავაც პირველი ინსტრუმენტი იქნება პანდემიის მართვაში - როგორც ჩვენთან, ისევე ბევრ სხვა ქვეყანაში. ბოლო პერიოდში, ვაქციინების ათვისება დაბალია.
„ომიკრონის“ პირობებში, შეიძლება, ეს იმით აიხსნას, რომ მოქალაქეების დიდი ნაწილი ინფიცირებულია და თუ მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ გაეკეთებინათ ბუსტერ დოზა ან ვაქცინაცია დაეწყოთ, ეს გადავადდა, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ „ომიკრონის“ ტალღის ჩავლის შემდეგ კვლავაც იქნება ახალი, აღმავალი ეტაპი ვაქცინაციის პროგრამაში, რადგან ვაქცინაციის მნიშვნელობა ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის თავიდან აცილების კუთხით, კიდევ ერთხელ დადასტურდა „ომიკრონის“ ტალღის მიმდინარეობისას. რაც შეეხება ვაქცინაციის დამცველობით ეფექტს გადაცემაზე - აღმოჩნდა, რომ ეს შედარებით სუსტია „ომიკრონის“ პირობებში, მაგრამ ე.წ. ბუსტერ დოზა ამას აძლიერებს. ამდენად, რეკომენდაციები ისევ ძალაშია - ბუსტერ დოზა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალი რისკის პირებისთვის“, - აცხადებს თამარ გაბუნია.