დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, იმისათვის, რომ დაიჯეროს რუსეთის დაჟინებული მტკიცება, რომ არ აპირებს უკრაინაში შეჭრას, მან უნდა გაიყვანოს მთელი თავისი ჯარი, რომელიც დაგროვილია ქვეყნის საზღვართან.
„რუსები აცხადებდნენ, რომ მათ არ აქვთ გეგმები უკრაინაში შეჭრაზე, უნდა დავინახოთ ჯარების სრულმასშტაბიანი გაყვანა, რათა დავამტკიცოთ, რომ ეს სიმართლეა”, - განუცხადა ლიზ ტრასმა LBC რადიოს.
როდესაც ჰკითხეს მედიის ცნობების შესახებ, რომ ზოგიერთი რუსული ჯარი ბაზას სასაზღვრო ტერიტორიიდან ტოვებს, ტრასმა უპასუხა, რომ მას მეტი დეტალი სჭირდება, რათა გაიგოს, მოაქვს თუ არა ამ ნაბიჯს მნიშვნელოვანი შედეგები.
დმიტრო კულება: როდესაც დავინახავთ ჯარის გაყვანას, დავიჯერებთ დეესკალაციას
რუსეთის განცხადებით, სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ.
14 თებერვალს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი, ლავროვმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ არსებობს მზადყოფნა, გაგრძელდეს მოლაპარაკებები დასავლეთთან რუსეთის ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებზე. ლავროვმა დაამატა, რომ შეთანხმების შანსი არსებობს.
14 თებერვალს, გვიან ღამით, ჯო ბაიდენმა და ბორის ჯონსონმა უკრაინის საკითხზე იმსჯელეს. ლიდერებმა განაცხადეს, რომ კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარების იმედი ჯერ კიდევ არის.
უფრო ადრე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც განაცხადა: „გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე, ჩვენ მას ერთიანობის დღედ ვაქცევთ“.
რუსეთი უკრაინაში შეჭრის გეგმებს უარყოფდა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განალაგა. დასავლეთი მას უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მძიმე ზომებით ემუქრება.