უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს დარჩენილი ძალები ქვეყნების საერთო საზღვრიდან. „ჩვენ გვაქვს წესი: არ დაიჯეროთ ის, რაც გესმით, დაიჯერეთ ის, რასაც ხედავთ“, - განუცხადა კულებამ ჟურნალისტებს მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზოგიერთი რუსული სამხედრო ნაწილი ბაზაზე ბრუნდება.
„როდესაც დავინახავთ ჯარის გაყვანას, ჩვენ დავიჯერებთ დეესკალაციას“, - აღნიშნა კულებამ.
რუსეთის განცხადებით, სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ.
14 თებერვალს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი, ლავროვმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ არსებობს მზადყოფნა, გაგრძელდეს მოლაპარაკებები დასავლეთთან რუსეთის ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებზე. ლავროვმა აღნიშნა, რომ შეთანხმების შანსი არსებობს.
14 თებერვალს, გვიან ღამით, ჯო ბაიდენმა და ბორის ჯონსონმა უკრაინის საკითხზე იმსჯელეს. ლიდერებმა განაცხადეს, რომ კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარების იმედი ჯერ კიდევ არის.
უფრო ადრე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც განაცხადა: „გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე, ჩვენ მას ერთიანობის დღედ ვაქცევთ“.
რუსეთი უკრაინაში შეჭრის გეგმებს უარყოფდა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განალაგა. დასავლეთი მას უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მძიმე ზომებით ემუქრება.