NATO-ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ჯულიან სმიტმა დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ სახელმწიფო დუმის რეკომენდაცია პუტინისადმი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მისი სუვერენიტეტის აშკარა დარღვევის მცდელობად შეაფასა. ელჩის შეფასებით, ეს ნაბიჯი აშკარად იქნება ესკალაციის ახალი ნიშანი, აშშ შეშფოთებულია და ამ საკითხს ყურადღებით დააკვირდა, ამასთან, განსაზღვრავს, რა უნდა გააკეთოს რუსეთის მიმართ დამატებითი შეტყობინებების თვალსაზრისით.
„ჩვენთვის ცნობილია ამის შესახებ და ახლახან გენერალურმა მდივანმაც ისაუბრა თავის პრესკონფერენციაზე, თუმცა ნამდვილად ღირს გამეორება, რომ თუ ისინი ამ პროცესს განაგრძობენ, ვფიქრობ, ეს არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მისი სუვერენიტეტის აშკარა დარღვევა და ასევე მინსკის შეთანხმების დარღვევა“, - აღნიშნა ჯულიან სმიტმა.
მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ყველასთვის კარგად არის გასაგები რუსეთის თამაშის წესები და ეს ხშირად შეიძლება, მოიცავდეს პროცესებში სამხედრო ძალების ჩართვას და მათ გადააადგილებას, მაგალითად, როგორც ეს ვნახეთ დონბასსა და ყირიმში, ასევე - საქართველოში, „სამხრეთ ოსეთსა“ და აფხაზეთში. თუმცა, ელჩის თქმით, რუსები ასევე იყენებენ ჰიბრიდულ ან რუხი ზონის ტაქტიკას და ეს მოიცავს დეზინფორმაციასაც.
ჯულიან სმიტის თქმით, ალიანსი მუშაობს როგორც NATO-ში წარმოდგენილ 30 მოკავშირესთან, ასევე, სხვა ინსტიტუტებთან, მათ შორის ევროკავშირთან ერთად და ბევრად უფრო მოქნილია პირველ რიგში, იმის განსაზღვრაში, თუ როდის იყენებს რუსეთი ან სხვა რომელიმე ქვეყანა დეზინფორმაციას, როგორ შეაკავოს ან აღმოაჩინოს ის.
„იმედია, უფრო მოქნილები გავხდით მისი პრევენციის თვალსაზრისითაც“, - აღნიშნა ჯულიან სმიტმა.
ელჩმა მომდევნო დღეების განმავლობაში დადგეგმილ თავდაცვის მინისტერიალზეც ისაუბრა.
„ეს მნიშვნელოვანი შეკრებაა არამხოლოდ იმიტომ, რომ განიხილება რუსეთ-უკრაინის საკითხი, არამედ ჩვენ ასევე ვიქნებით ფოკუსირებული ბევრ სხვა საკითხზე, რაც NATO-ს ფოკუსშია ახლა თავდაცვისა და შეკავების პოზიციების გასაძლიერებლად.
გვაქვს ბევრი მნიშვნელოვანი შეხვედრა პარტნიორებთან უკრაინასთან და საქართველოსთან; სხვა პარტნიორებთან, როგორიცაა ფინეთი და შვედეთი და თუნდაც ევროკავშირი. ასე რომ, რამდენიმე დატვირთული დღე გველის“, - განაცხადა NATO-ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა.
რუსეთის განცხადებით, სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. ამას მოჰყვა დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ სახელმწიფო დუმის მიმართვა ვლადიმერ პუტინისადმი.
14 თებერვალს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი, ლავროვმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ არსებობს მზადყოფნა, გაგრძელდეს მოლაპარაკებები დასავლეთთან რუსეთის ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებზე. ლავროვმა დაამატა, რომ შეთანხმების შანსი არსებობს.
14 თებერვალს, გვიან ღამით, ჯო ბაიდენმა და ბორის ჯონსონმა უკრაინის საკითხზე იმსჯელეს. ლიდერებმა განაცხადეს, რომ კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარების იმედი ჯერ კიდევ არის.
უფრო ადრე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც განაცხადა: „გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე, ჩვენ მას ერთიანობის დღედ ვაქცევთ“.
რუსეთი უკრაინაში შეჭრის გეგმებს უარყოფდა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განალაგა. დასავლეთი მას უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მძიმე ზომებით ემუქრება.