საქართველო ჯანდაცვის სისტემისთვის განკუთვნილი დახმარების კიდევ ერთ დიდ პარტიას მიიღებს. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორთან, ჰანს ჰენრი კლუგესთან შეხვდრის შემდეგ განაცხადა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, შეხვედრა მიზნად ისახავდა Covid-19-ის პანდემიის დროს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის ევროკავშირის მიერ გაწეული მხარდაჭერის ამჟამინდელი სტატუსის განხილვას და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასა და პერსპექტივებს.
„მიმდინარე პანდემიის პერიოდში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერის მნიშვნელოვან ნაწილს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის უზრუნველყოფილი პირდაპირი დახმარება წარმოადგენს. ჩვენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას გამოვუყავით დაფინანსება საქართველოს ლაბორატორიებისა და საავადმყოფოებისთვის 2 მილიონზე მეტი ერთეული სამედიცინო აღჭურვილობისა და მასალების შესაძენად", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს სამედიცინო პერსონალსა და მაღალი რისკის ქვეშ მყოფ სხვა ჯგუფებს უზრუნველყოფს ტრენინგებით.
„უახლოეს მომავალში ველოდებით ჯანდაცვის სისტემისთვის განკუთვნილი დახმარების კიდევ ერთ დიდ პარტიას. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად აგრეთვე განვიხილავთ ვაქცინის უზრუნველყოფისა და ვაქცინაციის პროცესის მხარდაჭერის გზებს. ეს არ იქნება ადვილი, თუმცა სხვადასხვა არხის მეშვეობით აქტიურად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ საქართველოს ამ კრიზისის დაძლევაში“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.