გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა რუსეთში გამართული პრესკონფერენციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ არის, აქედან გამომდინარე, ამ საკითხზე კონფლიქტი გაუგებარია.
„ჩვენ უბრალოდ არ შეიძლება, გვქონდეს შესაძლო სამხედრო კონფლიქტი საკითხზე, რომელიც არ არის დღის წესრიგში”, - განაცხადა შოლცმა და დაამატა, რომ აბსურდული სიტიაცია იქმნება.
გერმანიის კანცლერმა ანალოგიური განცხადება 14 თებერვალს, კიევში ვიზიტის დროსაც გააკეთა. მაშინ, როდესაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა თავისი ქვეყნის ამბიცია NATO-ში გაწევრიანების შესახებ, ოლაფ შოლცმა გაკვირვება გამოხატა, თუ რატომ გახადა რუსეთის მთავრობამ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი დიდი პოლიტიკური დებატების საგანი, რადგან მისი თქმით, ეს საკითხი დღის წესრიგში ამჟამად არ დგას.