რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის პრესკონფერენცია დასრულდა. პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს არ სურს ომი, მაგრამ არ ყოფილა კონსტრუქციული პასუხი მის მიერ წამოყენებულ წინადადებებზე. მისი თქმით, საკითხი იმის შესახებ, უნდა მიეცეს თუ არა უკრაინას NATO-ში გაწევრიანების უფლება, ახლა უნდა გადაწყდეს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა შორს არის გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთებისგან. თუმცა, მისი თქმით, მოსკოვი ჯერ კიდევ მზადაა, განიხილოს ზოგიერთი საკითხი, მათ შორის ევროპის უსაფრთხოება და სარაკეტო სისტემები. პუტინი ამბობს, რომ გერმანია რუსეთის მთავარი პარტნიორია და სურს ურთიერთობების გაძლიერება.
პუტინის თქმით, რუსეთს ომი არ სურს და ამიტომ წამოაყენა წინადადებები მოლაპარაკებების პროცესის დასაწყებად, მაგრამ რუსეთის წინადადებებზე კონსტრუქციული პასუხი არ ყოფილა. თუმცა აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ არის NATO-სა და აშშ-ის მიერ წამოჭრილი საკითხები, რომელთა განხილვაც შესაძლებელია.
თავის მხრივ, შოლცმა აღნიშნა, რომ უკრაინის საზღვარზე რუსული ჯარების დაგროვება გაუგებარია და საფრთხეს წარმოადგენს. მან რეგიონში დეესკალაციისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა „მოლაპარაკებას არ ექვემდებარება“.
გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ „უსაფრთხოების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ რუსეთთან ერთად და არა რუსეთის წინააღმდეგ“. მისი თქმით, NATO და ევროპა ერთ პოზიციაზე არიან, რომ გამოსავალი უნდა მოიძებნოს, რაც არ უნდა რთული იყოს.
„ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ მამაცები და პასუხისმგებელი ჩვენს ქმედებებში. ომი ევროპაში წარმოუდგენელია და ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ასეც დარჩება“, - აღნიშნა შოლცმა.
ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მილსადენის შესახებ, რომელიც დასრულებულია, მაგრამ ჯერ არ ფუნქციონირებს, შოლცი ამბობს, რომ მისი ქვეყანა მზად არის, უზრუნველყოს გაზის ტრანსპორტირება ევროპაში, მაგრამ დაამატა, რომ უკრაინაში ომს ექნება შორსმიმავალი შედეგები.
ამ საკითხზე პუტინმაც ისაუბრა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ჩრდილოეთის ნაკადი 2 „სუფთა კომერციული პროექტია". პუტინი ხაზს უსვამს ენერგეტიკულ სექტორს, როგორც გერმანიასთან თანამშრომლობის ძირითად სფეროს და მოჰყავს ორ ქვეყანას შორის არსებული მილსადენი, რომელიც მზად არის, მაგრამ ჯერ არ ფუნქციონირებს.
პუტინი ამბობს, რომ ეს არის „წმინდა კომერციული პროექტი“, რომელშიც პოლიტიკა არ არის ჩართული და რომ რუსეთი სიამოვნებით გააგრძელებს გაზის მიწოდებას უკრაინის გავლით, თუ ამაზე მოთხოვნა იქნება.
ოლაფ შოლცი გერმანიის კანცლერის რანგში მოსკოვში პირველი ვიზიტით ჩავიდა. გერმანიის კანცლერის ვიზიტი, კიევში მოგზაურობის შემდეგ მიმდინარეობს, სადაც ის უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, რათა გაეძლიერებინა ბერლინის მხარდაჭერა რუსული აგრესიის ფონზე.
კონტექსტი ვიზიტის პერიოდში
რუსეთის განცხადებით, სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ.
14 თებერვალს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი, ლავროვმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ არსებობს მზადყოფნა, გაგრძელდეს მოლაპარაკებები დასავლეთთან რუსეთის ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებზე. ლავროვმა დაამატა, რომ შეთანხმების შანსი არსებობს.
14 თებერვალს, გვიან ღამით, ჯო ბაიდენმა და ბორის ჯონსონმა უკრაინის საკითხზე იმსჯელეს. ლიდერებმა განაცხადეს, რომ კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარების იმედი ჯერ კიდევ არის.
უფრო ადრე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც განაცხადა: „გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე, ჩვენ მას ერთიანობის დღედ ვაქცევთ“.
რუსეთი უკრაინაში შეჭრის გეგმებს უარყოფდა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განალაგა. დასავლეთი მას უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მძიმე ზომებით ემუქრება.