ბლინკენი ლავროვს: საჭიროა, ვიხილოთ გადამოწმებული, სანდო და მნიშვნელოვანი დეესკალაციის პროცესი

სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ესაუბრა. სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ერთგულება, განაგრძოს დიპლომატიური გადაწყვეტა იმ კრიზისის, რომელიც მოსკოვმა დააჩქარა.

„მდივანმა ბლინკენმა გაიმეორა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ რუსეთს აქვს შესაძლებლობა, ნებისმიერ მომენტში დაიწყოს უკრაინაში შეჭრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა, ვიხილოთ დეესკალაციის მანიშნებელი გადამოწმებული, სარწმუნო პროცესი.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რუსეთის შემდგომი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ გამოიწვევს სწრაფ, მკაცრ და ერთიან ტრანსატლანტიკურ პასუხს, ჩვენ ვრჩებით დიპლომატიური გზის ერთგულები და გვჯერა, რომ რჩება სივრცე კრიზისის მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.


რუსეთის განცხადებით, სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. ამ განცხადებას მოჰყვა დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ სახელმწიფო დუმის მიმართვა ვლადიმერ პუტინისადმი.

14 თებერვალს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი, ლავროვმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ არსებობს მზადყოფნა, გაგრძელდეს მოლაპარაკებები დასავლეთთან რუსეთის ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებზე. ლავროვმა დაამატა, რომ შეთანხმების შანსი არსებობს.

14 თებერვალს, გვიან ღამით, ჯო ბაიდენმა და ბორის ჯონსონმა უკრაინის საკითხზე იმსჯელეს. ლიდერებმა განაცხადეს, რომ კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარების იმედი ჯერ კიდევ არის.

უფრო ადრე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც განაცხადა: „გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე, ჩვენ მას ერთიანობის დღედ ვაქცევთ“.

რუსეთი უკრაინაში შეჭრის გეგმებს უარყოფდა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განალაგა. დასავლეთი მას უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მძიმე ზომებით ემუქრება.


NATO-ში ამერიკის ელჩი: რუსეთის მხრიდან დეესკალაციის პოტენციური ნაბიჯის შესახებ განცხადებები უნდა გადავამოწმოთ