იენს სტოლტენბერგი: რუსეთის მხრიდან ადგილზე დეესკალაციას ჯერ ვერ ვხედავთ

"რუსეთის მხრიდან ადგილზე დეესკალაციას ჯერ ვერ ვხედავთ", – აღნიშნულის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც ჩანს, რუსეთი აგრძელებს სამხედრო ძალების გაძლიერებას. 

„გავაგრძელებთ რუსეთისთვის მკაფიო შეტყობინების გაგზავნას, რომ მზად ვართ, დავსხდეთ და მათთან ერთად განვიხილოთ, თუმცა ამავდროულად მზად ვართ უარესისთვის. და თუ რუსეთი კიდევ ერთხელ შეიჭრება უკრაინაში, მათ ძვირი საფასურის გადახდა მოუწევთ. ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის ქმედებების და გეგმების გამოვლენას, რათა გაურთულდეთ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებების გახორციელება. მაგრამ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი ჩაერთვება მნიშვნელოვან დიალოგში და კონფრონტაციის ნაცვლად დიპლომატიას აირჩევს. ჩვენ მზად ვართ, დავსხდეთ და ვიპოვოთ პოლიტიკური გამოსავალი“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.


რუსეთის განცხადებით, სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ.