საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, საგაზაფხულო არდადეგების დაგეგმილზე ადრე გამოცხადების საჭიროება არ არსებობს და, შესაბამისად, აღნიშნული საკითხი ჯანდაცვის სფეროს მხრიდან დღის წესრიგში არ დამდგარა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში სიტუაციას სრულად მართავს.
„როგორც ცნობილია, სკოლებში სასწავლო პროცესის სრულად დისტანციურად გადასვლასთან, ასევე, კორონავირუსის პრევენციის მიზნით სკოლებთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებას იღებს უწყებათაშორისი საბჭო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა რეკომენდაციების საფუძველზე. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სრულად მართავს სიტუაციას სკოლებში. მოქმედი პროტოკოლის შესაბამისად, კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენისთანავე, ეპიდემიოლოგის რეკომენდაციის საფუძველზე, შიდა გავრცელების თავიდან ასაცილებლად, სკოლა ან ცალკეული კლასი მყისიერად გადადის სწავლების დისტანციურ რეჟიმზე. გარდა ამისა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეთა მშობლებს აქვთ დისტანციური სწავლის ფორმატის არჩევის შესაძლებლობა. შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი კვლავ შერეულ ფორმატში მიმდინარეობს.
აქედან გამომდინარე, საგაზაფხულო არდადეგების დაგეგმილზე ადრე გამოცხადების საჭიროება არ არსებობს და, შესაბამისად, აღნიშნული საკითხი ჯანდაცვის სფეროს მხრიდან დღის წესრიგში არ დამდგარა. პარალელურად, გრძელდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა სავალდებულო ტესტირება. ორჯერადად აცრილი მასწავლებლები კორონავირუსზე ორ კვირაში ერთხელ PCR ტესტით მოწმდებიან, ერთჯერადად აცრილი ან აუცრელი მასწავლებლები კი – კვირაში ერთხელ სწრაფი ანტიგენ-ტესტით. მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან გრძელდება სკოლების მონიტორინგი“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ განათლების და მეცნიერების სამინისტროში.