NATO-ს თავდაცვის მინისტრები მოუწოდებენ რუსეთს, აირჩიოს დიპლომატიის გზა და გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან მისი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.
NATO-ს თავდაცვის მინისტრების განცხადებით, რუსეთის ქმედებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას.
„ყველა მოკავშირის თავდაცვის უზრუნველსაყოფად, ჩვენ განვათავსეთ დამატებითი სახმელეთო ძალები ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, ასევე დამატებითი საზღვაო და საჰაერო საშუალებები, როგორც ეს მოკავშირეებმა განაცხადეს და გავზარდეთ ჩვენი ძალების მზადყოფნა.
ჩვენი ზომები არის და რჩება პრევენციული, პროპორციული და მზად ვართ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვითი და შემაკავებელი პოზიციები, რათა ვუპასუხოთ ყველა საგანგებო სიტუაციას.
ჩვენი ერთგულება ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლის მიმართ ძალაშია. ჩვენ ერთად ვდგავართ ერთმანეთის დასაცავად. NATO რჩება ფუნდამენტური პრინციპების ერთგული, რომელსაც ევროპული უსაფრთხოება ეფუძნება, მათ შორის არის თითოეული ქვეყნის უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები“, - აღნიშნულია განცხადებაში.
NATO-ს თავდაცვის მინისტრები ადასტურებენ მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„როგორც უკვე აღვნიშნეთ, რუსეთის ნებისმიერი შემდგომი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, გამოიწვევს მასიურ შედეგებს და დიდ ფასს რუსეთისთვის. NATO განაგრძობს მჭიდრო კოორდინაციას შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის ევროკავშირთან.
NATO და მოკავშირეები დიპლომატიური გზის ერთგულნი რჩებიან და განაგრძობენ დიალოგს რუსეთთან ევროატლანტიკური უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის უმაღლეს დონეზე.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ამ ძალისხმევას და ნორმანდიის ფორმატში მცდელობებს მინსკის შეთანხმებების განსახორციელებლად. ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა, ჩავერთოთ ევროპული უსაფრთხოების შესახებ განახლებულ დიალოგში, რომელიც პოლონეთის, როგორც ეუთოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის მიერ არის ინიცირებული“, - აღნიშნულია განცხადებაში.
NATO-ს თავდაცვის მინისტრები მტკიცედ მოუწოდებენ რუსეთს, აირჩიოს დიპლომატიის და დეესკალაცის გზა.