შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩთან, მარკ კლეინტონთან შეხვედრა გამართა.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ახვლედიანმა ელჩს მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი პოზიციის, ასევე საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკისა და ნდობის აღდგენის ინიციატივების მტკიცე მხარდაჭერის გამო.
„შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე, ასევე საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების მიმდინარეობასა და სამომავლო ხედვებზე იმსჯელეს. თეა ახვლედიანმა უცხოელ დიპლომატს გააცნო ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ 2010 წლის სახელმწიფო სტრატეგიისა და თანმდევი სამოქმედო გეგმის სტრატეგიული გადახედვის პროცესი, რომელიც ფართო საზოგადოებრივი და საერთაშორისო ჩართულობით მიმდინარეობს.
თავის მხრივ, გაერთიანებული სამეფოს ელჩმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა; მან შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით სახელმწიფო მინისტრს მხარდაჭერა აღუთქვა და სტრატეგიული გადახედვის პროცესში საელჩოს აქტიური მონაწილეობისთვის მზადყოფნა გამოხატა.