ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: „ომიკრონის“ ტალღამ დაიწყო დაღმასვლა

მომავალი კვირიდან გვექნება საშუალება, ვთქვათ, რამდენად გადაიარა პიკმა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„დღეს შემთხვევების რაოდენობა იყო ისევ 15 000- ზე ოდნავ მაღალი, ბოლო ორი დღის განმავლობაში ამ მაჩვენებელზე ვრჩებით, რაც გარკვეულწილად იმედისმომცემია იმ კუთხით, რომ „ომიკრონის“ ტალღამ დაიწყო დაღმასვლა. დადებითობის მაჩვენებლის მცირედი კლებაც ასევე აღინიშნება. ჩვენ კვირის ბოლომდე უნდა ვნახოთ, ეს ტენდენცია რა მიმართულებით წავა, სამშაბათი არის ის ნიშნული, როცა ჩვენ ვაფასებთ, რა მიმართულებით ვითარდება ეპიდემია და უკვე მომდევნო კვირიდან გვექნება იმის საშუალება, რომ ვთქვათ, რამდენად არის პიკი უკვე გადავლილი,“ - განაცხადა გაბუნიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 511 800 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 324 172, გარდაიცვალა 15 729 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.