საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების: მუსიკოსების, მხატვრების, დიზაინერების, რეჟისორების, მწერლების, პროფესორ-მასწავლებლებისა და ბიზნესმენების მონაწილეობით დღეს ორბელიანებისა სასახლეში ეროვნულ თანხმობასთან დაკავშირებით მორიგი განხილვა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა განხილვის დაწყებამდე პროცესში მონაწილე სტუმრებს მიმართა და ეროვნული თანხმობის პროცესის ფორმატთან, მის ხედვასა და პროცესის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ისაუბრა.
,,ეს პროცესი არ არის წარსულზე ორიენტირებული პროცესი, მაგრამ, ჩვენ თუ გვინდა, რომ გავარკვიოთ რა გვჭირს, რა გვეშველება, რა არის ჩვენი მთავარი პრობლემები წარსულს უნდა დავუბრუნდეთ და მოვნახოთ ამ პრობლემების ძირი. დავინახოთ, რომ დღევანდელი პრობლემა იყო გუშინდელიც, გუშინწინდელიც და ეს სისტემური ხარვეზები მოგვყვება უკვე ოცდაათ წელზე მეტია.
ჩვენი მიზანი არ არის გავარჩიოთ რომელი პარტია, ან რომელი მთავრობაა კარგი, თუ უკეთესი. ჩვენი მთავარი მიზანია აღმოვაჩინოთ ეს პრობლემები და ის მთავარი თემები, რომლებიც დღეს გვაბრკოლებს და ამ ქვეყანას წინ წასვლის საშუალებას არ აძლევს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.