იენს სტოლტენბერგი: საქართველოს შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს გარეშე არ იქნება მიღებული

ევროატლანტიკურ ზონაში მშვიდობას და სტაბილურობას საფრთხე ემუქრება. მოსკოვიდან არის ნიშნები, რომ დიპლომატიის გზა, შეიძლება, გაგრძელდეს. მაგრამ ჯერჯერობით, ჩვენ არ გვინახავს ჯარის გაყვანის ან დეესკალაციის რაიმე ნიშანი. რუსეთმა კიდევ ერთხელ უგულვებელყო ევროპული უსაფრთხოების პრინციპები და წარმოაჩინა მისი უნარი და სურვილი, ძალის გამოყენების მუქარით მიაღწიოს თავის მიზნებს. სამწუხაროდ, ვშიშობ, რომ ეს არის ახალი ნორმა, რომლისთვისაც მზად უნდა ვიყოთ, ამ სიტყვებით გახსნა 17 თებერვალს, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა, საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრების სესია. 



იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO-ს მოკავშირეები საქართველოსთან და უკრაინასთან მჭიდრო კოორდინაციით მუშაობდნენ კრიზისის პოლიტიკური და დიპლომატიური გადაწყვეტისთვის.

„NATO-ს მოკავშირეები დაუღალავად მუშაობდნენ პოლიტიკური და დიპლომატიური გადაწყვეტისთვის. ჩვენ ეს გავაკეთეთ როგორც საქართველოსთან, ასევე უკრაინასთან მჭიდრო კოორდინაციით. NATO-ს ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის მიმართ გრძელდება“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.


იენს სტოლტენბერგმა 17 თებერვალს, მინისტერიალის ფარგლებში ასევე განაცხადა, რომ მიუღებელია გავლენების სფეროების ეპოქაში დაბრუნება.

„ჩვენთვის მიუღებელია გავლენის სფეროების ეპოქაში დაბრუნება, სადაც დიდი სახელმწიფოები სხვებს აშინებენ ან აიძულებენ მათთვის სასურველი არჩევანის გაკეთებას. უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებები არ იქნება, ისევე როგორც, არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღება საქართველოს შესახებ საქართველოს გარეშე“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

მისივე თქმით, NATO-ს მოკავშირეებმა დაადასტურეს, რომ NATO-ს კარი ღია რჩება. „NATO-ს წევრობასთან დაკავშირებით ნებისმიერ გადაწყვეტილებას ალიანსის წევრები და ასპირანტი ქვეყნები იღებენ. სხვა არავინ იღებს ამ გადაწყვეტილებას“, - დაამატა სტოლტენბერგმა.