უკრაინამ, დიდმა ბრიტანეთმა და პოლონეთმა ალიანსი ოფიციალურად გააფორმეს

უკრაინამ, დიდმა ბრიტანეთმა და პოლონეთმა წამოიწყეს თანამშრომლობის ახალი სამმხრივი ფორმატი, რომელიც მიზნად ისახავს ევროპის უსაფრთხოების საფრთხეებზე რეაგირებას და ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას.

„დღეს ჩვენ გვაქვს პატივი და მოხარული ვართ, გამოვაცხადოთ უკრაინას, გაერთიანებულ სამეფოსა და პოლონეთს შორის თანამშრომლობის ახალი სამმხრივი ფორმატის დაწყების შესახებ“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

კულებას თქმით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ დღეს ლოგისტიკური მიზეზის გამო პირადად ვერ ჩავიდა კიევში.

„დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი გვერდით დაუდგება უკრაინელ ხალხს, რათა დაიცვან უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. პოლონეთი და დიდი ბრიტანეთი დაგვეხმარებიან ჩვენი სახელმწიფოს დაცვაში", - განაცხადა კულებამ.

მისი თქმით, ახალი ფორმატის წევრები ასევე ყურადღებას გაამახვილებენ ეკონომიკურ, სავაჭრო, ენერგეტიკულ თანამშრომლობასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე.

საერთაშორისო პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმატის შექმნის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველ თებერვალს, რადაში გამოსვლისას განაცხადა.