იმპორტირებულ მედიკამენტებზე GMP სერტიფიკატის მოთხოვნა სავალდებულოა

„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა. პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილა და მესამე - საბოლოო მოსმენით 78 ხმით, 2-ის წინააღმდეგ მიიღო „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები. კანონპროექტის მთავარი არსი იმპორტირებულ პროდუქტზე GMP-ის სტანდარტით წარმოების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოთხოვნაა.

„მოქმედ კანონში ცვლილება იმ ფაქტმა განაპირობა, რომ კანონით უკვე ძალაში შესულია ადგილობრივი წარმოების მედიკამენტებზე GMP-სტანდარტის მოთხოვნა და მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი მწარმოებლები და იმპორტიორები თანაბარ პირობებში იყვნენ.

კანონში ცვლილებებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანსაღ კონკურენციას და თანაბარი მიდგომების უზრუნველყოფას ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებლებს, საბითუმო რეალიზატორებსა და ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტიორებს შორის“, - აცხადებენ პარლამენტში.

„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს და პარლამენტმა ის დაჩქარებული წესით განიხილა.