პარლამენტის ვიცე - სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ ფინანსთა მინისტრის მიერ “მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგენილმა სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამამ დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება გაუჩინა.
დავით სერგეენკო განმარტავს, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმების პროგრამამ კითხვები გააჩინა. სერგეენკო აცხადებს, რომ პროგრამასთან დაკავშირებული დეტალები მოსახლეობისთვის გასაგები უნდა იყოს.
„მოგიწოდებთ თქვენ გუნდს და სხვა უწყებებსაც, ძალიან ხშირად, გასაგებად, აღქმადად გააკეთოთ განმარტებები. მჯერა, რომ გუნდი ინტენსიურად მუშაობს ამ პროგრამის იმპლემენტაციაზე. პირდაპირ ეთერში უნდა მუშაობდეს გუნდი, რომ ყველა ნაბიჯს უხსნიდეს საზოგადოებას.
ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც თქვენ შეეხეთ, ეს არის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აქტიური დასაქმება. ჩემი შეხედულებით, ამან ყველაზე მეტი კითხვა და კომენტარი გამოიწვია ამ ანგარიშის დროს და არ მიკვირს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა საკითხს შეეხეთ, ეს პოსტულატების სახით ჩამოყალიბდა და საზოგადოებაში კითხვები გააჩინა. არ დაგიმალავთ და მეც გამიჩინა დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება. ეს თემა ბევრად უფრო მასშტაბური და ტევადია. სოციალური დახმარების არსებულ სისტემას ორი მთავრი პრობლემა აქვს. ერთი, რომ ის ცოტაა და მეორე, ის არის აქტიური დასაქმების დემოტივატორი. პირველი ნაბიჯი 2019 წელს გადაიდგა, როდესაც იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი დაიწყებდა მუშაობას აღარ მოეხსნებოდა სოციალური დახმარება, თუმცა ეს გრძელდებოდა 1+1. 1 წელი მონეტარულიც და არამონეტარული უნარჩუნდებოდა, მეორე წელს მონეტარული ეხსნებოდა და არამონეტარული უნარჩუნდებოდა. დღემდე ამ შესაძლებლობით 3400-მა ადამიანმა ისარგებლა, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ცოტაა. რა ძირითად საკითხებსაც გაუსვით ხაზი, ამბობს ასეთ რამეს, რომ როგორც აქამდე იყო, 1+1 არ იქნება, არამედ 4 წლის განმავლობაში იქნება შენარჩუნება. თუ სოციალურად დაუცველი დაიწყებს მუშაობას და გაუჩნდება შემოსავალი 4 წელი არ მოეხსნება სოციალური დახმარება. უფრო მეტიც, მთავრობა ამბობს, რომ ჩვენ დაგეხმარებით სამუშაო ადგილების მოძიებაში, ჩვენ გადაგიხდით ამაში ფულს. გაჩნდა კითხვა, ეს რა დახმარებაა, სჯობდა სოციალური დახმარება გაგვეზარდა“, - აღნიშნავს სერგეენკო.