პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი გახარიას განცხადებით, გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს პირველი ქართველი მოსამართლე გახდა
როგორც პრემიერი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, ლორთქიფანიძე რამდენიმე თვეში შეუდგება ჰააგის სასამართლოს მოსამართლის საპატიო და საპასუხისმგებლო უფლებამოსილების შესრულებას, მანამდე კი, საქართველოს მთავრობის გუნდში გააგრძელებს საქმიანობას.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 18 დეკემბერს, პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა წარუდგინა დასამტკიცებლად. მთავრობის ახალ შემადგენლობაში გოჩა ლორთქიფანიძე იუსტიციის მინისტრობის კანდიდატია. 2013 წლიდან კი იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.
"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გახდა ცნობილი - გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს აღმოსავლეთ ევროპის კვოტით. სწორედ ის იქნება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველი ქართველი მოსამართლე ჰააგის სასამართლოში.ამაყი ვარ ამ უდიდესი მიღწევით და დარწმუნებული ვარ, რომ უმაღლესი დონის პროფესიონალიზმით ის ერთ-ერთი საუკეთესო მოსამართლე იქნება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში", - განაცხადა გიორგი გახარიამ
იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მოსამართლედ 18 დეკემბერს აირჩიეს.