ვიდეოები, რომლებშიც უკრაინაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები „სასწრაფო“ ევაკუაციის ბრძანებას გასცემენ, ორი დღის წინ არის გადაღებული

ვიდეოები, რომლებშიც აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები "სასწრაფო" ევაკუაციის ბრძანებას გასცემენ და რომლებიც ინტერნეტით 18 თებერვალს გავრცელდა, რეალურად 16 თებერვალს გადაიღეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის მიერ ტელეგრამის აპლიკაციის მეტამონაცემების ანალიზი აჩვენებს.

ვიდეოში, რომელიც ინტერნეტსა და ტელეგრამზე 18 თებერვალს აიტვირთა, სეპარატისტების მიერ ოკუპირებული დონეცკის რეგიონის დე ფაქტო ლიდერი, დენის პუშლინი აცხადებს, რომ კონტაქტის ხაზზე მოიმატა უკრაინის ჯარის და იარაღის კონცენტრაციამ. ის გასცემს ევაკუაციის ბრძანებას და ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მალე დაიწყებს შეჭრის ოპერაციას დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებში სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე.

სეპარატისტების მიერ კონტროლირებული ლუგანსკის რეგიონის ლიდერიც მსგავს ბრძანებას გასცემს, ანალოგიური საბაბით.

რადიო თავისუფლების რუსულმა სამსახურმა გააანალიზა ვიდეოები და დაადგინა, რომ ისინი 16 თებერვალს არის გადაღებული, რაც მოწმობს, რომ უეცარი ევაკუაცია რეალურად წინასწარ იყო დაგეგმილი.

უკრაინის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა დაუყოვნებლივ უარყო მოსაზრება, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში რაიმე სამხედრო ოპერაცია იგეგმება. თეთრი სახლი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ სეპარატისტები, რომლებიც დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებში ტერიტორიებს აკონტროლებენ, ემზადებიან რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისთვის შეთითხნილი საბაბის შესაქმნელად.

წყარო - რადიო თავისუფლება


ამავე თემაზე

ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკში მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა

აშშ: ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკში ევაკუაციის გამოცხადება მოსკოვის ცინიკური ნაბიჯია